პოლიტიკა
გახარია გუბერნატორებს: თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა მათი შექმნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მხარის რწმუნებულებს შეხვდა და მათ კონკრეტული დავალებები მისცა. პრესსამსახურის ინფორმაციით, გახარია გუბერნატორებს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვდა. ამავე ცნობით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა.

"რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან - ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს, ამიტომ განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებური საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა - პრობლემების შექმნა", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელიაც დაესწრო.
Print