ახალი ამბები
„ელექტროეფექტური ტექნოლოგიები სოფლის განვითარებისთვის“ - პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალი პროექტის „ელექტროეფექტური ტექნოლოგიები სოფლის განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. მისი მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების, კლიმატის ცვლილებების და ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლება, კორპორაციული მოდელის პოპულარიზაცია და სხვ. მას CARE ჩეხეთი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ფონდი, ჩეხური კომპანია „Holistic Solution” და ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ (RCDA) ახორციელებენ.



შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის, სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრების და კოოპერატივების წარმომადგენლები დაესწრნენ.



პროექტის სამიზნე რეგიონებია: სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, აჭარა და მცხეთა-მთიანეთი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: ელექტროეფექტურ მოდელებზე დაფუძნებული გონივრული ტექნოლოგიური მოდელის შექმნა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, ენერგოეფექტური ღუმელებისა და ბიომასის ბოილერების დამზადების ტექნოლოგიის პრაქტიკული სწავლება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების დემონსტრაცია კოოპერატივების ფონდის ბაზაზე.



პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთის პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება.

Print