ახალი ამბები
პრეზიდენტი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილების საფუძველი, ბოლო შეწყალების ირგვლივ საზოგადოების შეშფოთება გახდა.

"ამ ვითარებიდან გამომდინარე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე... მე ადრეც გამოვდიოდი წინადადებით, რომ შეწყალების წესები იყოს გადახედილი და იყოს ეს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩემი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს. მომავალი კვირიდან შედგება ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს შეშფოთება საზოგადოების", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის პირი, რომელიც სასჯელს პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა. შეწყალებულთა შორის არის 18 წლის გიორგი ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირი. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ძებნილი პირიც შეიწყალა. აღნიშნულ ფაქტებს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება და კრიტიკა მოჰყვა.
Print