ახალი ამბები
ცხვირის ოპერაციამდე გარდაცვლილი 18 წლის გოგო სამეგრელოდანაა
რუსთავში, ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი 18 წლის გოგო, სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდანაა. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, გოგონა თბილისში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გოგონას გულის პრობლემები არასდროს ჰქონია და მას, სავარაუდოდ, ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.

თავის მხრივ, „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, დავით გოგოძემ განუცხადა, რომ გოგონას გარდაცვალება ანაფილაქსიურმა შოკმა გამოიწვია. გოგოძე მომხდარში ექიმების გადაცდომას ვერ ხედავს და ამბობს, რომ მის გადარჩენას 10 საათის განმავლობაში ცდილობნენ.

„ანესთეზიის შეყვანისთანავე განვითარდა მძიმე ანაფილაქსიური შოკი. მდგომარეობიდან გოგონას გამოყვანა ვერ მოხერხდა მიუხედავად დიდი მცდელობისა. ოპერაცია დაწყებული არ იყო, წინასწარ სინჯი რა თქმა უნდა, გაკეთდა. ოჯახის წევრებმაც იციან, რომ გაკეთდა. ნახეს თვითონაც, რომ არაფერზე რეაქცია არ ჰქონდა. სინჯის შედეგებს ვაჩვენებთ ხოლმე ყოველთვის ოჯახის წევრებს. არ არსებობს გარანტია, რომ შოკი არ განვითარდება. ამის გარანტია რომ არსებობდეს, ეს დაავადება არ იარსებებს საერთოდ. მე ექიმის გადაცდომას ვერ ვხედავ. დიდხანს გაგრძელდა რეანიმაცია, შედეგიც იყო შუალედში, მაგრამ ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა და საბოლოოდ გული გაჩერდა. უშუალოდ ნოვოკაინის შეყვანაზე დაეწყო შოკი. პირდაპირ ნემსის შეყვანისთანავე დაიწყო ეს ამბავი. პირველივე წვეთიდან. დაახლოებით 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა ეს ამბავი", - უთხრა ექიმმა IPN-ს.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
Print