ახალი ამბები
„რუხი მოლში“ „საპარტნიორო ფონდსა“ და „USAID Zrda“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა (ვიდეო)
ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში „საპარტნიორო ფონდსა“ და „USAID Zrda“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელიას განცხადებით, უახლოეს მომავალში „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება.
"დღეს რუხში მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას და დასაქმებას. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ვიხილავთ კიდევ ბევრ წარმატებულ პროექტს, როგორც ამ რეგიონისთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის", - აღნიშნა დანელიამ.

პროექტს "საპარტნიორო ფონდის" შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო" განახორციელებს.

საქართველოში USAID Zrda მისიის დირექტორის პიტერ ვიბლერის თქმით, აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუხში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

„USAID-სთვის და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, განსაკუთრებით რუხში მცხოვრები მოსახლეობისთვის და სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ. USAID სიამოვნებით თანამშრომლობს საპარტნიორო ფონდთან. ერთად ჩვენ ვცდილობთ განვახორციელოთ ისეთი პროექტი, რომლებიც ახალ სტარტაპებს დაეხმარება. ამ პროექტებით ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მდგრად და ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა ვიბლერმა.
სტარტაპერებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „USAID Zrda“ „საპარტნიორო ფონდისგან“ მიღებულ დაფინანსებას გაუორმაგებს. გრანტის მოცულობა კი ჯამში ნახევარი მილიონი დოლარია.

„რუხი მოლში“ დღეის მდგომარეობით, მხოლოდ „თეგეტა მოტორსი“, „გორგია“, ერთი კვების ობიექტი, საცხობი და ორი სუპერმარკეტი მუშაობს. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული ავეჯის, ტექნიკის, საცალო და საბითუმო მაღაზიები, ჰიპერმარკეტი „ლიბრე“, ღია ტიპის ბაზარი, „საქართველოს ფოსტა“ და აფთიაქი არ ფუნქციონირებს. სავაჭრო ობიექტების დახურვის მიზეზად ადგილზე მომუშავეები ენგურის ხიდზე შეფერხებულ მიმოსვლას ასახელებენ.



Print