ახალი ამბები
ზუგდიდში პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტისა და საარჩევნო რეფორმის ხარვეზებზე ისაუბრა
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ქსელში მოქალაქეებს პროპორციული საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ორგანიზაციის წევრებმა შეკრებილებს დოკუმენტების გარშემო საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები გააცნეს. თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნულ თემაზე მოსაზრებები გამოთქვეს.

„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის მოადგილე ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაც, მისივე თქმით, საზოგადოებრივი პროტესტის შედეგია, ცალსახად დიდი მიღწევაა, თუმცა, მისვე თქმით, წარდგენილ პროექტს ხარვეზები ახლავს.

„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საზოგადოების ძალიან დიდი მიღწევაა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში, თუმცა, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ე.წ. ნულოვან ბარიერს და საარჩევნო ბლოკების გაუქმებას. ეს გაუმართლებელია, რადგან პარტიებმა უნდა შექმნან კოალიცია და გაუგებარია, რატომ იკრძალება ეს. მიზანშეწონილი და გამართლებული იქნებოდა, მაგალითად, 3 %-იანი ბარიერი. სავარაუდოდ, არსებობს პოლიტიკური ინტერესი. მმართველ გუნდს უნდა დააბალანსოს რისკი, რასაც იწვევს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემის გაუქმება“, - აღნიშნა ნიჟარაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, ნიჟარაძის თქმით, მათი არცერთი რეკომენდაცია მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა და მეტიც, გაუმჯობესების ნაცვლად, შესაძლოა, დოკუმენტი გაუარესდეს.

„ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსი, აგიტაცია, საარჩევნო დავები, არცერთი შენიშვნა არ განხილულა. მედია რეგულაციებს ეხება ცვლილება, რაც პირდაპირ მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული... ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება ამ მიმართულებით არსებითი ცვლილებების“, - ამბობს დირექტორის მოადგილე.

დისკუსიას საარჩევნო სისტემისა და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
Print