ახალი ამბები
„ქართველი აუცილებლად დაბრუნდება სამშობლოში“ - ფერეიდნელი ქართველები ზუგდიდში (ვიდეო)
ფერეიდნელი ქართველები ზუგდიდს ესტუმრნენ. მათ სამშობლოში ჩამოსასვლელად ფეხით 1400 კილომეტრი გამოიარეს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქები მოინახულეს. სტუმრებს კულტურული ღონისძიებებით, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოუწყვეს დახვედრა. ფერეიდნელი ამირან გუგუნაშვილის თქმით, გზა რომელიც მათ გამოიარეს რთული იყო, თუმცა საქართველოში მოსახვედრად ყველა პრობლემა დაძლიეს.

„აღფრთოვანებული ვარ და მიხარია, რომ აქ ვარ. სიურპრიზი იყო ეს დახვედრა. დროშები, ხალხი, ცეკვა და თქვენ... ჩვენ ფერეიდნიდან 1 400 კილომეტრი გამოვიარეთ ფეხით, სამშობლოს საზღვრამდე. 31 დღე გზაზე ვიყავით. რთული გზა იყო, პრობლემებით სავსე, მაგრამ ჩვენ ხიდი გავდეთ გულებს შორის. გული იქაც თბილია და აქაც. ქართველი არის ერთი, სამშობლო არის ერთი, საქართველო არის ერთი. მიხარია, რომ თქვენთან ვარ, მადლობა ზუგდიდელებო“,- თქვა ამირან გუგუნაშვილი.

ფერეიდნელები ამბობენ, რომ საქართველოდან შორს მცხოვრები ქართველები მშობლიურ ენას, კულტურას, იდენტობას ინარჩუნებენ და მათ დიდი იმედი აქვთ, რომ სამშობლოში დაბრუნდებიან.

„იუნესკომ მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ქალაქი აარჩია და ერთ-ერთი არის ჩვენი - მარტყოფი. იქ მცხოვრებ ქართველებს ქართველი არ მოუკლავს 400 წელია. ჩვენ საქართველოს სიყვარულში ვიზრდებოდით. ვამბობდით, რომ ცისარტყელისკენ, საქართველოსკენ წავიდოდით. ეს არის ჩვენი იმედი, სამშობლოში დაბრუნების. მე ზუგდიდში მესამედ ვარ. ლამაზი ეზოები და სახლები ვნახე, მაგრამ თითქმის ნახევარზე მეტი დაცარიელებულია და გული მტკივა. ჩვენ ფეხით მოვედით, ჩვენი მიზანი ეს არის - დავუბრუნდეთ საქართვლოს. გინდა ველოსიპედით, გინდა მანქანით, გინდა თვითმფრინავით და გინდა ფეხით. ბევრი ქართველი გარეთ არის, ბევრი მიდის. იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სასწავლებლად მიდიან საზღვრებს გარეთ, მოვუწოდებ, უკან მობრუნდნენ. ჩვენც აუცილებლად უკან უნდა დავბრუნდეთ. ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ქართველი აუცილებლად დაბრუნდება ბოლოს საქართველოში და მე იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება“, - თქვა მან.

ფერეიდნელ ქართველებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დახვდნენ. საკრებულოს წევრის მამუკა წოწერიას თქმით, მათ ძირძველ ქართველებთან ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით გეგმები აქვთ. 

„ვმასპინძლობთ ჩვენს ძმებს, ფერეიდნელებს, რომლებმაც ფეხით გამოიარეს მთელი საქართველო. ესენი არიან ადამიანები, რომელებმაც საოცარი ერთგულება დაამტკიცეს ჩვენი ქვეყნის, ენის, ტრადიციების მიმართ. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი კულტურული ღონისძიება. ჩვენ უკვე გვაქვს გეგმები მათთან ინტენსიური ურთიერთობების, ჩვენს ისტორიული ნაწილთან, ჩვენს ძირძველ ქართველებთან“, - ამბობს წოწერია.

1616 წელს შაჰ-აბასმა 100 000-მდე ქართველი, უმთავრესად კახეთიდან და ჰერეთიდან ირანის პროვინციებში გადაასახლა, მათ შორის, ხორასანში, ისპაჰანსა და ფერეიდანში. მათი უმრავლესობა გასპარსელდა, მხოლოდ ფერეიდანში დასახლებული ქართველების ჯგუფმა შემოინახა ქართული ენა და ზოგიერთი ტრადიცია. ისინი  ფერეიდანის 14 სოფელში ცხოვრობენ. სოფლებს დღემდე აქვს შემორჩენილი ქართული სახელები: მარტყოფი, ნინოწმინდა, თელავი, ვაშლოვანი და სხვ.
Print