რეგიონი
ზუგდიდის ოთხ უბანში „არჩევნები“ ჩატარდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოთხ უბანში - ოდიშში, ეგრისში, მაცხოვრისკარში, კოლხეთში „არჩევნები“ ჩატარდება, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობა იმ პროექტებს აირჩევს, რომლის განხორციელებაც სურს. ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, უბნებისთვის გამოყოფილი თანხა მოქალაქეების მიერ მოთხოვნილი პროექტების ღირებულებას აღემატება და მისივე თქმით, სწორედ ამან გამოიწვია "არჩევნების" ჩატარება. 

„ძირითადად შემოსულია წინადადებები, რომლებიც ითვალისწინებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი, საბავშვო მოედნებისა და ატრაქციების მშენებლობას, ასევე, სანიაღვრე არხების მოწყობას. ოთხივე უბანზე შეირჩევა ადგილი კენჭისყრისთვის, რომელსაც მერია და საკრებულო ერთობლივად ჩაატარებს და მოქალაქეები ხმას მისცემენ სასურველ პროექტს. ასე თუ გაგრძელდა, მომავალი წლისთვის, საკმაოდ კარგ ობიექტებს მიიღებს ყველა უბანი. წელს უბნებისთვის გამოყოფილ თანხაში მხოლოდ ენგურის უბნის პროექტები ჩაეტია“, - აღნიშნა წოწერიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს დაიწყო სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 1 000 000 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის თითოეული  ადმინისტრაციული ერთეულისთვის   200 000 ლარია გამოყოფილი.  .
Print