ახალი ამბები
პარლამენტის წევრი: არ მომწონს, რომ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყდა
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მეექვსე სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმის გამოძიება უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ მან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს ისაუბრა. კობერიძემ აქვე აღნიშნა, რომ მას არ მოსწონს პროკურატურის გადაწყვეტილება, რის თანახმადაც საქმე დაიხურა.

"არ შემიძლია არ ვთქვა, არ მომწონს ის, რომ ია კერზაიასთან დაკავშირებით საქმე დაიხურა პროკურატურაში. მე ვთვლი, რომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს, თუმცა ვიცი უარესი შემთხვევებიც. სანამ ქვეყანაში ყველა გახმაურებულ საქმეს პასუხი არ გაეცემა, საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა არ იქნება", - აღნიშნა მან.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა 20 ივნისი ღამეზე. მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. კობერიძე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტში გავრილოვის მოხვედრა შეცდომა იყო.

"მიმაჩნია, რომ ეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ძალიან ცუდი ქმედება იყო, რომელიც ტერორიზმს მიუახლოვდა. ქვეყანა გადატრიალდა იმ დღეს. მთავრობის ის ნაბიჯი, რომ 2020-ში არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, არის სამართლიანი პროტესტის დამსახურება. მაგრამ აქვე ვიტყვი, ის რომ ოქრუაშვილი დღეს ციხეში ზის აბსოლუტურად გასაგებია და სწორია. ოღონდ მანამდე, რომ არ იყო დაჭერილი ეს არის პრობლემა", - აღნიშნა მან.

ზუგდიდში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების ორი ვარიანტი განიხილეს. შეხვედრას დეპუტატები, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა.

ამავე თემაზე:

ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყდა - ბაჩანა შენგელია პროკურატურას პასუხობს
Print