ახალი ამბები
ბაქრაძე ზალკანიანისა და ლავროვის შეხვედრაზე: ხელისუფლებამ უნდა ახსნას, რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისფლებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვებს, რას ემსახურებოდა რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ენგურის ხიდზე უთხრა. მისივე თქმით, სწორ კონტექსში დიალოგი პრობლემა არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში, კითხვის ნიშნები რჩება.

„რა თქმა უნდა, რუსეთთან შესაბამის კონტექსტში და ფორმატში დიალოგი პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ საზოგადოება ამ შეხვედრის შესახებ იგებს რუსული მხარისგან. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობას პარალამენტში, რომ არ დაუჭირონ მხარი რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, რასაც სთავაზობს „ევროპული საქართველო“. ბუნებრივია, რომ ეს აჩენს კითხვის ნიშნებს თუ რა შედეგი დადგა და რას ემსახურებოდა ეს შეხვედრა“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

მის პოზიციას იზიარებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თენგიზ გუნავაც და ამბობს, რომ რუსეთთან მკაცრი საუბარია საჭირო.

„ეს არის მაამებლური პოლიტიკა არსებული ხელისუფლების და ეს არასწორია. მათ უნდა ველაპარაკოთ მკაცრად, საერთაშორიო საზოგადოებასთან ერთად და არა პირისპირ. არ შეიძლება მარტო ამათთან საუბარი, არამედ, უნდა იყოს საერთაშორისო ჩართულობა, რომ წნეხი განხორციელდეს რუსეთზე. არ შეიძლება ისეთი საქმეების რეაგირების გარეშე დატოვება, როგორიც გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იყო. ჩვენგან ამ შემთხვევაში რადიკალურ პასუხს მიიღებდა საოკუპაციო ძალებიც და მათი მარიონეტებიც“, - აღნიშნა გუნავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერები სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე შეიკრიბნენ.
Print