ახალი ამბები
ექიმი: მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია
მარტვილის მეორე საბავშვო ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი თხუთმეტივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ევექსის მარტვილის კლინიკის პედიატრმა გიორგი გაბუნიამ უთხრა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბავშვები სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ საჭიროებენ.

„შემოიყვანეს ბავშვები, რომელთაც ყველას საერთო სიმპტომები აღენიშნებოდათ - პირღებინება და ზოგადი სისუსტე. ჩაუტარდათ ყველა საჭირო გამოკვლევა და პროცედურა. თითოეულის მდგომარეობა სტაბილურია და დადებითი დინამიკა აღენიშნებათ. რჩებიან მეთვალყურეობის ქვეშ. სავარაუდოდ, არის კვებითი ან წყლით ინტოქსიკაცია“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ადგილზე იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.

მარტვილის მერიის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორის ირმა გაბისონია თქმით, მეორე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ინტოქსიკაციის ნიშნები სადილის მიღებამდე დაეწყოთ.
Print