ახალი ამბები
პენიტენციური სამსახური: ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა საკანში თავი ზეწრით ჩამოიკიდა
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცმა საკანში თავი მოიკლა.
ამის შესახებ რადიო „ათინათს“ უწყებაში განუცხადეს. ამავე ცნობით, 36 წლის ბრალდებულმა თავი ჩამოიხრჩო.
„2019 წლის 30 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბრალდებული N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს საკანში, სადაც იგი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. 2019 წლის 1 ოქტომბერს, 16:28 სთ-ზე ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა. დაწესებულების თანამშრომლებმა გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პარალელურად, პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მიერ დაიწყო სარეანიმაციო ღონისძიებები. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაწესებულებაში 17:30 სთ-ზე მივიდა, მაგრამ მიუხედავად მედპერსონალის მცდელობისა, 17:53 სთ-ზე დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება“, - აცხადებენ უწყებაში.

პენიტენციურ სამსახურში დასძენენ, რომ მომხდარის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს ეცნობა და დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). ამჟამად საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
Print