ახალი ამბები
უბედური შემთხვევა გაგრაში - ტრანსფორმატორში დამალული მოზარდი დაიღუპა
გაგრაში უბედური შემთხვევის შედეგად 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გაგრის რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა ორშაბათს, დაახლოებით, 17 საათზე მოხდა. ბავშვები ერთი - ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამალობანას თამაშობდნენ, რა დროსაც მოზარდმა გადაწყვიტა ქვესადგურში დამალულიყო, რომელიც ღია აღმოჩნდა, წერს ინტერნეტ გამოცემა "აიაირა".

გაგრის საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ის უკვე გარდაცვლილი იყო. შემთხვევას გაგრის რაიონული პროკურატურა იკვლევს.

„ამ ეტაპზე ვიკვლევთ ტრანსფორმატორზე პასუხისმგებელი პირების ვინაობას. ტრანსფორმატორი ღია იყო დ არ იყო შემოღობილი. თანამდებობის პირის დადგენის შემთხვევაში, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება“, - ამის შესახებ გენერალური პროკურორის თანაშემწემ დაურ ამიჩბამ განაცხადა.

ამავე ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა 2018 წლის თებერვალში სოხუმშიც მოხდა, რა დროსაც, იგივე ვითარებაში დაიღუპა მოზარდი ნესტორ არშბა. მაშინაც, ქვესადგური ღია აღმოჩნდა და არ იყო შემოღობილი.

უბედური შემთხვევის შემდეგ სოხუმში ელექტრო ქვესადგურებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, 250 - ზე მეტი საკეტი გამოცვალეს და გაამაგრეს ძველი კარები.

Print