ახალი ამბები
TI: ზუგდიდის ვიცე-მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს დეკლარაციები ხარვეზით აქვთ შევსებული
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთში 40-ზე მეტი დეკლარაციიდან დარღვევა 16 მათგანში გამოვლინდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 12 შემთხვევაში დეკლარაცია არასწორად შეავსეს, 11 შემთხვევაში კი ამა თუ იმ კომპანიის საკუთარი წილი სხვისთვის არ გადაუფორმებიათ.

აღნიშნულ თანამდებობის პირებს შორის მოხვდნენ ზუგდიდის ვიცე-მერი გიგა ფარულავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მისი მოადგილე ბესიკ ჭეჟია.

გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ გიგა ფარულავას 2019 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მამამისი გიორგი ფარულავა შპს "როკონას" 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია. ფარულავამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ კომპანია უფუნქციოდაა.

"სიმართლე გითხრათ, არც მახსოვდა, რომ ეს კომპანია, რადგან უკვე დიდი ხანია, არ ფუნქციონირებს", - აღნიშნა ფარულავამ.

შპს "ეთერზეთების კომპანიის" 100 %-იანი წილის მფლობელია მამუკა წოწერია, თუმცა საკუთარი წილი, კანონის მიუხედავად, სხვისთვის არ გადაუცია. როგორც წოწერიამ გვითხრა, აღნიშნული კომპანია, წლებია, უფუნქციოდაა, თუმცა ხარვეზს აღიარებს და მის გამოსწორებას აპირებს.

"2016 წელს ვაპირებდი სხვა პირზე ამ წილის გადაფორმებას, თუმცა საჯარო რეესტრში ხარვეზი დადგინდა, როგორც ვიცი და შემდეგ დამრჩა უყურადღებოდ. აუცილებლად გამოვასწორებ", - გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ.

მისი მოადგილის ბესიკ ჭეჟიას მტკიცებით, დაახლოებით, 15 წელია, რაც კომპანია "ლაზიკა+"-დან შემოსავალი არ აქვს, რადგან ეს კომპანია არ ფუნქციონირებს.

"არც მიფიქრია, რომ სხვისთვის უნდა გადამეცა ეს წილი, რადგან არ მუშაობს ეს კომპანია უკვე ძალიან დიდი ხანია, არც შემოსავალი მაქვს აქედან", - თქვა ჭეჟიამ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ", თბილისის მიღმა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.

მონიტორინგის შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 56 ფაქტი, კომპანიებში კუთვნილი წილის სხვა პირისთვის მინდობით გადაუცემლობის 56 შემთხვევა, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 16 ფაქტი. ამასთან, 5 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ.

Print