ახალი ამბები
რუხში „ხაჭაპურის ფესტივალი“ 19 ოქტომბერს გაიმართება
ზუგდიდის სოფელ რუხში, ადმინისტრაციულ საზღვართან ხაჭაპურის ფესტივალი ჩატარდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კულინარიული კონკურსები, მასტერკლასები და მეგრული სამზარეულოს შესახებ წიგნების პრეზენტაციები. როგორც რადიო „ათინათს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან წულაიამ უთხრა, ფესტივალის მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კერძების პოპულარიზაცია.

„გადავწყვიტეთ, რომ ჩავატაროთ ხაჭაპურის ფესტივალი, რის ფარგლებშიც გაიმართება კონკურსი მეგრული ხაჭაპურის გამოცხობაში. იქნება შეჯიბრი სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ ხაჭაპურის გამოცხობაში. გარდა ამისა, იქნება აგრონაწარმის და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა“, - თქვა ლევან წულაია.

ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება და საღამო კონცერტით დასრულდება. ხაჭაპურის ფესტივალს რუხში სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია ატარებს. ფესტივალის მხარდამჭერები USAID zrda საქართველო და ტურიზმის ადმინისტრაცია არიან.



Print