ახალი ამბები
79 წლის მასწავლებელი შამგონიდან: აქამდე მოსწავლეების სიყვარულმა მომიყვანა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის საჯარო სკოლაში უკვე 49 წელია სპორტს კაკო ღურწკაია ასწავლის. 79 წლის უხუცესი პედაგოგი ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში მრავალი გამოწვევა და სირთულე მოსწავლეებმა დააძლევინა და უფრო გააძლიერა.

კაკო ღურწკაია იმ 61 პედაგოგს შორის ერთ-ერთია, რომელსაც ზუგდიდის მერიამ მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფულადი ჯილდო გადასცა.

პედაგოგი ამბობს, რომ მისთვის მთავარი ჯილდო ბავშვების სიყვარულია, რომელმაც მისივე თქმით ამ დრომდე მოიყვანა.

"ჩემი დიდი ჯილდო მოსწავლეების სიყვარულია. ღმერთმა ისე ქნა, რომ ბავშვების სიყვარულმა ენერგია, ჯან-ღონე მომცა და გონება უფრო გამინათა. როგორც ნახეთ, ჩემი ასაკის მასწავლებელი ამ აუდიტორიაში არ იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვების აურა გადმომედო, ისე დამმუხტა, რომ მე გავუძელი ყველა გამოწვევას", - თქვა მან.

კაკო ღურწკაიამ კოლეგებს მასწავლებლის დღე მიულოცა და საქართველოს კეთილდღეობაზე ზრუნვის გაგრძელება უსურვა.

"მე მინდა ჩემს კოლეგებს დღევანდელი დღე მივულოცო, გფარავდეთ ღმერთი. საქართველოს კეთილდღეობისა და წინსვლისთვის ზრუნვა მასწავლებლის მოწოდებაა და ასე უნდა გაგრძელდეს.იმ გზამ რომელიც გამოვიარე დღევანდელ დღემდე მომიყვანა და მე კმაყოფილი ვარ, ბოლომდე რომ დავიხარჯე", - ამბობს კაკო ღურწკაია.

ზუგდიდის მერიამ დღეს რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად 61 პედაგოგს ფულადი ჯილდო და სიგელები გადასცა.

ამავე თემაზე: 

ვინ არიან წარმატებული პედაგოგები, რომლებსაც ზუგდიდის მერიისგან ჯილდო გადაეცათ (ვიდეო)

ზუგდიდის მერმა პედაგოგებს ფულადი ჯილდო გადასცა


ოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
Print