ახალი ამბები
ჭითაწყარის გამგებელი საჯარო მოხელის სტატუსის შესაძლო გაუქმებას საარჩევნოდ კონტროლის გაძლიერებას უკავშირებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის გამგებელი ბადრი დარასელია მიიჩნევს, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი სოფლის რწმუნებულებისთვის საჯარო მოხელის გაუქმების შესახებ დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. დარასელიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მმართველი გუნდი ამ ნაბიჯით ცდილობს, სოფლების გამგებლებისგან საარჩევნოდ მათ მხარდასაჭერად მუშაობის გარანტიები მიიღოს.

„უკან გადადგმული ნაბიჯია. ეს არის დისკრიმინაცია საჯარო მოხელეების, რადგან მათ თავისუფალი არჩევნის უფლება არ ჰქონდეთ. რწმუნებულები მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობენ, მაგრამ მაინც უნდობლობაა და რომ ჰქონდეთ გარანტირებული, ამიტომ სურთ ამ პროექტის მიღება. მე სულ ოპოზიციურად ვიყავი განწყობილი და ახლაც ასეა, არასოდეს დავხმარებივარ მმართველ გუნდს საარჩევნოდ. როცა კანონპროექტის შესახებ გავიგე და საია-ს შეფასება წავიკითხე, აბსოლუტურად დავეთანხმე მათ. მქონდა კომუნიკაცია სხვა გამგებლებთანაც, თუმცა, არავინ გამომეხმაურა. სამსახურის დაკარგვის არ მეშინია, დამიკარგავს კიდეც, მაგრამ თავი არასოდეს. მე ჩემს საქმეს გავაკეთებ“, - გვითხრა დარასელიამ.

საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს „საჯარო სამსახურის შესახებ” და თანმდევ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც მერის წარმომადგენლებისთვის საჯარო მოხელის სტატუსის გაუქმებას ითვალისწინებს.კანონპროექტს კრიტიკულად უყურებენ სამოქალაქო სექტორში და მიიჩნევენ, რომ მერის წარმომადგენლებისთვის საჯარო მოხელის სტატუსის ჩამორთმევა, შესაძლოა, საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდეს.
Print