ახალი ამბები
ზუგდიდში თამთა თოდაძის მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში დღეს, 16 საათზე, ქალთა მიმართ ძალადობის დასაგმობად და თამთა თოდაძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორის, "სამოქალაქო აქტივიზმისა და თანასწორობის ცენტრის" ხელმძღვანელის ციცინო შენგელიას თქმით, შეკრების მიზანი თოდაძის მხარდაჭერაა.

„ჩვენ გვსურს, თამთას დავანახოთ, რომ მარტო არ არის და ამასთან, პროკურატურას მოვუწოდოთ, რომ გამოფხიზლდნენ და დროულად გამოიძიონ ეს ფაქტი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ შენგელიამ.

თბილისის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანს საკუთარი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ცემაში ადანაშაულებს. თავად ჯიშკარიანი კი ბრალდებას უარჰყოფს. დეპუტატი ამ დრომდე, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში რჩება. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა თოდაძეს ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.
Print