ახალი ამბები
სოლიდარობა თამთას - ზუგდიდში სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს მხარდაჭერა გამოუცხადეს (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეკრებილებმა თოდაძეს, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატს სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ცემაში ადანაშაულებს, სოლიდარობა გამოუცხადეს და პროკურატურისგან ფაქტზე სასწრაფო გამოძიება მოითხოვეს.

„დღევანდელი აქციის მთავარი მიზანია ვუთხრათ თამთას, რომ სოლიდარულები ვართ ამ ბრძოლაში და მარტო არ იგრძნოს თავი. ასევე, შევიკრიბეთ, რათა პროკურატურას მოვთხოვოთ, საფუძვლიანად დაიწყოს მუშაობა, დასაჯოს დამნაშავეები და მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ იმის შესახებ, თუ რა სტადიაზეა საქმე. კუკუდამალობანას თამაში და წაყრუება ცუდ მდგომარეობაში გვაყენებს ქალებს. სწორედ წაყრუება პარტიულობის ან თანამდებობაზე ყოფნის გამო მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალთა უფლებები არაა დაცული. მოვუწოდებთ ყველას, ჩაერთონ, დათმონ, აიღონ პასუხისმგენლობა და შეელიონ პარტიულ მეგობრებს. ამ შემთხვევამ გვანახა, რომ სისტემის მონაწილეები ხდებიან ჩვენზე მოძალადეები. დაგვანახონ, რომ ქალზე ძალადობა ისჯება კანონით“, - თქვა აქციის ორგანიზატორმა სამოქალაქო აქტივიზმისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.

შეკრებილებს შორის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ. მათ ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერით „არა ნიშნავს არას“, „ქალზე ძალადობა დანაშაულია“, „ნუ გაჩუმდები“. ერთ-ერთმა მათგანმა ცაბუნია ვართაგავამ პრობლემის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.

„სისტემის უსამართლობაა, რომ მსხვერპლს არ აღიქვამს ძალადობის მსხვერპლად. აქ მოსვლის მეორე მიზეზია, რომ გამოვუცხადო თამთას და ყველა იმ ქალს მხარდაჭერა, რომელსაც უწევს ბრძოლა უსამართლობასთან და საზოგადოების საშინელ წარმოდგენებთან, რომლის წევრები ცდილობდნენ მსხვერპლის დადანაშაულებას, ცილისმწამებლური ამბის მოგონებას, რომ ამბავმა დაკარგოს მნიშვნელობა. ყოველთვის, როცა ქალები ვიღებთ ხმას, ასეთი ბინძური მეთოდებით ცდილობენ ჩვენ წინააღმდეგ იბრძოლოს“, - აღნიშნა ვართაგავამ.

აქციას შეუერთდა „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია.

„სოლიდარობა თამთას და მასთან ერთად ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალადობას განიცდის. ჯიშკარიანს თავი საავამდყოფოსთვის აქვს შეფარებული, რადგან არ შეუძლია თვალი გაუსწოროს საზოგადოებას. მართალი კაცი ისაუბრებს თავის სიმართლეზე და არ დაიმალება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიძიოს ეს საქმე და დასაჯოს დამნაშავე“, - უთხრა ჟურნალისტებს შელიამ.

თბილისის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანს საკუთარი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ცემაში ადანაშაულებს. თავად ჯიშკარიანი კი ბრალდებას უარჰყოფს. დეპუტატი ამ დრომდე, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში რჩება. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა თოდაძეს ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.
Print