ახალი ამბები
ზუგდიდის გენგეგმის შემმუშავებლების რეკომენდაციაა, ბაზარი ქალაქის ცენტრიდან გადაიტანონ
ზუგდიდის ქალაქმშენებლობის გენგეგმის პროექტირების კონცეფციის თანახმად, აუცილებელია, რომ საკოლმეურნეო ბაზარი ქალაქის ცენტრიდან გადაიტანონ. ამის შესახებ „არტსტუდიო პროექტის“ მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შეთავაზებულ დოკუმენტშია აღნიშნული. არქიტექტორისა წინადადებით, გენგეგმის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე, მათ შორის, ბაზრის საკითხი იყოს გათვალისწინებული. როგორც კონცეფციის ერთ-ერთმა ავტორმა ეკატერინე თოდუამ რადიო „ათინათს“ უთხრა, ქალაქის ცენტრში ბაზრის არსებობა მიზანშეწონილი არ არის.

„საჭიროა, რომ გამოიყოს ალტერნატიული ტერიტორიები, ფართები და ამ ტიპის განაშენიანება, სასურველია, იყოს არა ცენტრში, არამედ პერიფერიებში“, - აღნიშნა თოდუამ.

ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის პროექტს „არტსტუდიო პროექტი“ შეადგენს. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. კომპანიის წარმომადგენლებმა 7 ოქტომბერს პროექტის კონცეფცია სამინისტროს წარუდგინეს და მოწონებაც დაიმსახურეს.
Print