რეგიონი
ჟენევაში ოკუპირებული რეგიონების მთავრობებს მოუწოდეს, არ შეაფერხონ მოსახლეობის გადაადგილება
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის ერთ-ერთი თემა აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული ხელოვნურ შეზღუდვები იყო. აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მონაწილეებს მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომ გახსნან ყველა ე.წ. გადასასვლელი და არ შეაფერხონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, ქართველმა მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგები უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით. მათ ყურადღება გაამახვილეს ადგილზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე. მწვავედ დაისვა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელება.

განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების მაცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება. მწვავედ დაისვა ეთნიკური იდენტობის შეცვლაზე იქ მცხოვრები ქართველების იძულების საკითხი, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა თბილისიდან წამოწიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობები, მათ შორის, სოფელ ერედვში ქართულ ნასახლარებზე ნაგავსაყრელების მოწყობის ცინიკური გადაწყვეტილება.

საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დასვეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ასევე განიხილეს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საკითხი.

მოლაპარაკებებზე არაერთხელ გაესვა ხაზი გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (იპრმ), ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, აღდგენის აუცილებლობას.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 10-11 დეკემბერს.
Print