ახალი ამბები
დადიანების მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართავენ (ვიდეო)
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზუემის თანამშრომლები ხელფასების მომატებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გაფიცვას აანონსებენ. საკითხზე კონკრეტული პასუხის მისაღებად თანამშრომლებმა განათლებისა და კულტურის სამინისტროს ათდღიანი ვადა მისცეს.

„ჩვენ გამოვიყენეთ ყველანაირი ლეგიტიმური უფლება, მივწერეთ ოფიციალური წერილი მინისტრს, არაერთხელ დაიწერა მედიაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ქმედითი ღონისძიებები არ ჩატარებულა. ახლა მტკიცდება 2020 წლის ბიუჯეტი. მივმართავთ პრემიერ -მინისტრს ამჯერად, რადგან განათლების მინისტრს ჰგონია, რომ მხოლოდ მასწავლებლების მინისტრია. გადახედოს სახელფასო პოლიტიკას, ნახოს ჩვენი შემოსავლები, შრომის ანაზღაურება და მივა ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ამ სასახლეში, რომელიც მებატონეებმა ააშენეს, ბატონყმობა არ გადავარდნილა“, - აღნიშნა მუზუმის დირექტორის მოადგილემ საგანმანათლებლო-სამეცნიერო დარგში ნანა ფიფიამ.

თავის მხრივ, მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია ამბობს, რომ ხელფასების მომატების მოთხოვნას თავადაც ეთანხმება, თუმცა, ფიქრობს, რომ გაფიცვა მუზუემისთვის მიზანშეწონილი არ არის. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდა კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთან.

„გუშინ არ ვიცოდი ასეთ რამეს რომ ამზადებდნენ. სულ ვსაუბრობთ, რომ ხელფასი ცოტაა. ვესაუბრე მაკა ბურჭულაძეს და მითხრა, რომ სწორედ თქვენს სახელფასო ნუსხას ვაკეთებ და მაცალონო. რადგან ასეა, დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებენ ზომებს, უბრალოდ, ვაცალოთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ბერაიამ.
ბერაიას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად, როდის და რამდენით გეგმავენ უწყებაში მუზეუმის თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატებას. უკვე წლებია, მათი საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 300 ლარია.

რადიო "ათინათი" კულტურის სამინისტროს კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Print