რეგიონი
ზუგდიდში 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს
ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ის პრიორიტეტული საკითხები ჩამოთვალეს, რაც, მათი თქმით, სასურველია, რომ 2020 წლის ბიუჯეტში იყოს გათვალისწინებული. მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოყვეს, რომელთაც შემდგომ პროექტის სახით ზუგდიდის მერს წარუდგენენ.

„აუცილებელია, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში და ვუთხრათ თვითმმართველობას, რა არის პრიორიტეტული ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ამ ეტაპზე ისეთი საკითხები გამოიყო, როგორიცაა, მაგალითად, ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია სოფლებში, ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხელმისაწვდომობა შშმ პირებისთვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა წინაშე არსებული პრობლემები, მოხუცთა თავშესაფრის საჭიროება“, - აღნიშნა შეხვედრის ორგანიზატორმა, დემოკრატიული ჩართულობის ქსელების ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ეკა მინჯორაიამ.

“საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას თქმით, მათ, კვლევის საფუძველზე, უკვე მიაწოდეს ინფორმაციას მერიას მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების შესახებ. თოდუა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ბიუჯეტში ყველა საჭიროება აისახოს.

„თვითმმართველობამ უნდა გაითვალისწინოს მათი საჭიროებები. პროგრამული უნდა იყოს და მოქალაქეებს აძლევდეს ინფორმაციას, რის გაკეთებას აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები კი ბიუჯეტში მათთან ახლო კომუნიკაციითა და ჩართულობით მიიღწევა“, - თქვა თოდუამ.

ზუგდიდის მერიამ 2020 წლის ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 15 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს.
Print