ახალი ამბები
The Washington Post: ჩრდილოეთკორეელებს აფხაზეთში არალეგალურად ამუშავებენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, კერძოდ კი სოხუმში, რუსეთიდან არალეგალურად შემოსული ჩრდილოკორეელი მუშები სამშენებლო და სარკინიგზო სამუშაოებზე არიან დასაქმებულები.

The Washington Post - ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, აფხაზეთი მოსახერხებელი ადგილია რუსეთისთვის, რათა მან გვერდი აუაროს გაეროს სანქციებს, რომლებიც ავალდებულებს ქვეყნებს, ჩრდილოკორეელი მუშები დეკემბრის ბოლომდე დააბრუნოს თავიანთ ქვეყანაში.

აღნიშნულ რეზოლუციას რუსეთმა და ჩინეთმა ორი წლის წინ მოაწერეს ხელი, თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთი ჩრდილოეთკორეელებს აფხაზეთში მუშახელად იყენებს. ანალიტიკოსების ვარაუდით, ამის მიზეზი, მოსკოვის მხრიდან კიმ ჩენ ინთან ურთიერთობების გაღრმავების და აზიაში საკუთარი პოზიციების განმტკიცების სურვილია.

ამავე ინფორმაციით, ამ დროისათვის სოხუმში, დაახლოებით, 400 ჩრდილოკორეელი მუშა ოჯახებთან ერთად იმყოფება.

„ისინი ღამეს მივიწყებულ საბჭოთა კურორტზე, პალმებისა და ლენინის მოშლილი მოზაიკის გარემოცვაში ატარებენ“, - წერს The Washington Post. ერთ - ერთმა მუშამ გამოცემას უთხრა, რომ სამუშაოსთვის მათ დღეში 7 აშშ დოლარს უხდიან.

„მათ აქ მოსწონთ. თოვლი არ არის. ისინი ამბობენ, რომ აქ იდეალური კლიმატია", - ასე განმარტავს ჩრდილოეთკორეელების სოხუმში ყოფნის მიზეზს თვითაღიარებული რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელი ედუარდ გამისონია. ამ 400 მუშის გარდა, რუსეთში 10 000-მდე (თავდაპირველად ეს რიცხვი 40 000-ს უტოლდებოდა) ჩრდილოკორეელია დასაქმებული. მოსკოვი პირობას დებს, რომ დეკემბრის ბოლომდე მათ უკან გააგზავნის.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, ისინი ზედმიწევნით იცავენ საერთაშორისო სანქციური რეჟიმის მიერ დაწესებულ ვალდებულებებს.

„რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეიდან ემიგრანტი მუშების დასაქმებას აფხაზეთში, გირჩევთ, რომ ამ საკითხზე მიმართოთ შესაბამის ხელისუფლებას ან მათ დასაქმებულებს“, – პასუხობს ზახაროვა The Washington Post-ს.




Print