ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების ვადას გავუხანგრძლივებთ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა არ აპირებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულება მოუშალოს. ამის შესახებ ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადას წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გვაძლევს სრულ უფლებას, მოვშალოთ იგი დღესვე იმის გათვალისწინებით, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვერც საკუთარი კაპიტალის მოპოვების ვალდებულება და ვერც ბანკებთან წინასწარი შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რომ ჩვენ არცერთ ოპონენტს, მათ შორის კონსორციუმს და არც პოლიტიკურ ოპოზიციას, ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალონ რაიმე სახის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და ჩვენ მივცემთ კონსორციუმს საშუალებას ბოლომდე ამოწუროს თავისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს და მოიპოვოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე საერთაშორისო ბანკებიდან სახსრები“, - თქვა ცქიტიშვილმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შუალედური ხელშკერულებების შესრულების ვადა გუშინ, 15 ოქტომბერს ამოეწურა.
Print