ახალი ამბები
სოხუმში ბოდიში მოიხადეს ფოტოსთვის, რომელიც მისალოც ბანერზე მოხვდა
სოხუმში დიზაინ - სტუდია „დი გრაფიკმა“ "უნებლიე შეცდომისთვის" ბოდიში მოიხადა. საუბარია სტუდიის მიერ „აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად დამზადებული ბანერის მაკეტზე, რომელზეც ომის ქრონიკის ამსახველ სხვა ფოტოებს შორის მოხვდა კადრი გადაუმოწმებული ინფორმაციით. მასზე გამოსახულია ტანკი, რომელზეც ქართველი ჯარისკაცები სხედან. აღნიშნული ბანერი „გამარჯვების“ 26 წლისთავს მიეძღვნა.

ამასთან დაკავშირებით, „დი - გრაფიკის“ დირექტორმა სტელა საძბამ უნებლიედ დაშვებული შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, ამ კადრის გამოჩენა მისალოც ბანერზე არავითარ შემთხვევაში არ ისახავდა მიზნად „1992-1993 წლების ომის გმირების ხსოვნის შეურაცხყოფას“.

გარდა ამისა, საძბამ კომენტარი გააკეთა მედია კლუბ „აფსნი იახას“ პუბლიკაციასთან დაკავშირებით, სახელწოდებით: „ხელისუფლებამ აფხაზ ხალხს გამარჯვება ქართული ტანკით „მიულოცა“. მან აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან გაითვალისწინონ დასაბუთებული პრეტენზიები, თუმცა მათთვის მიუღებლია „დაღუპულთა ნათელი ხსოვნის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება“.

გარდა ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ „საბრძოლო დიდების მუზეუმს“ დაავალა 15 ნოემბრამდე შეისწავლოს მუდმივ ექსპოზიციაში არსებული ფოტოები და დაადგინოს მათი შესაბამისობა ისტორიულ მოვლენებთან მიმართებით. სტუდია „დი გრაფიკის“ მიერ ბანერისთვის გამოყენებული ფოტოები, სწორედ მათი ფოტოარქივის ნაწილია.

სოხუმში, „დიდების პარკში“ გამოფენილი ბანერი, რომელზეც აფხაზ სეპარატისტებთან ერთად, ქართველი ჯარისკაცები არიან გამოსახულნი, პროტესტის ნიშნად აფხაზეთის ომის ვეტერანმა კვიცინიამ ჩამოხია. „აფსადგილ ინფოს“ ცნობით, ის ფოტოს ჩამოსაგლეჯად სოფელ ატარადან ჩამოვიდა.

ამავე თემაზე:

აფხაზმა ომის ვეტერანმა სოხუმში ქართველი ჯარისკაცების ბანერი ჩამოგლიჯა


Print