ახალი ამბები
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებით, მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე. ამის შესახებ განცხადებამ უწყებამ გაავრცელა. რადიო „ათინათი“ სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველთვის ითვალისწინებდა და ითვალისწინებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს და დროულად აწვდის საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

ვინაიდან გუშინ, 15 ოქტომბერს, უშედეგოდ ამოიწურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ პორტის მშენებლობის თაობაზე საინვესტიციო ხელშეკრულების მორიგი და ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით განსაზღვრული კონსორციუმის შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს მთავრობის, როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა კაპიტალის შევსების ვალდებულება ნაწილობრივ, ხოლო ბანკებთან მიღწეული შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება საერთოდ ვერ შეასრულა, რაც საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოშალოს ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე.

საქართველოს მთავრობა აძლევს კონსორციუმს საშუალებას ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრაქტიკულად ყველა ვალდებულების შესრულების ვადა 2017 წლიდან დღემდე საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს რამდენჯერმე გადაუვადა. ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოძიების ვადა 2017 წლის 15 აგვისტოდან არაერთხელ, ხოლო ბოლო, მე-12 ცვლილებით 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა.

მიმდინარე წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დაფინანსების ნაწილში შესასრულებელი რჩება შემდეგი ვალდებულებები:

- შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე;

- საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება;

- ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა;

- პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება.

იმედს ვიტოვებთ, რომ პროექტის მიმართ საქართველოს მთავრობის მორიგი მხარდაჭერა შედეგიანი იქნება და კონსორციუმი ამჯერად შეძლებს საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.



Print