რეგიონი
სამინისტრო: მუზეუმების თანამშრომლების ხელფასებზე კომპლექსურად ვმუშაობთ
განათლებისა და კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება თითოეული მუზეუმის პრობლემაზე კომპლექსურად მუშაობს. კულტურის დეპარტამენტში ასევე ამბობენ, რომ, თანამშრომლებს ნამდვილად დაბალი ხელფასები აქვთ და სამინისტრო ამ პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად მუშაობს.

„სამწუხაროდ, ანაზღაურება არ არის მაღალი, ამ მიზნითაც უწყება ახორციელებს შესაბამის ქმედებებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ სამინისტრომ შექმნას ინსტიტუციური განვითარების სრული შესაძლებლობა, რაც თავად მუზეუმსაც მისცემს დამატებითი სახსრების მოზიდვის შესაძლებლობას და ამ სახსრებიდან თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გამოსწორებას. ასევე, საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ვზრუნავთ იმაზე, რომ შრომის ანაზღაურების კომპონენტი იყოს მოწესრიგებული. დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვა ხელს უწყობს ვიზიტორთათვის შესაბამისი პირობების შექმნას, იძლევა დამატებითი რესურსის მოზიდვის საშუალებას, რაც განაწილებული იქნება შრომის ანაზღაურებაზე. მაგალითად, მიმდინარე წელს, საკუთარი შემოსავლიდან მიღებული 135 ათასიდან 29 ათასი ლარი გაიხარჯა სწორედ ანაზღაურებაზე და თუ მუზეუმის შემოსავალი იქნება მზარდი, ეს აისახება სათანადოდ შრომის ანაზღაურებაზე“, - აცხადებენ კულტურის დეპარტამენტში.

მუზეუმის თანამშრომლებმა სამინისტროს ათდღიანი ვადა კიდევ ერთხელ მისცეს. მათი თქმით, ხელფასების გაზრდის შესახებ მათი მოთხოვნა ამჯერადაც არ დაკმაყოფილდება, პირველი ნოემბრიდან გაიფიცებიან. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, განათლებისა და კულტურის სამინისტროს და მუზეუმის დირექტორს გადაუგზავნეს.

Print