რეგიონი
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი - მზად ვართ, პარლამენტში მივიდეთ
რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულების ფარგლებში მზად ვართ მივიდეთ პარლამენტში, ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დეპუტატების მიერ მის პარლამენტში მიწვევასთან დაკავშირებით განუცხადა. წერს "ინტერპრესნიუსი".

"არის დაბრკოლებები, რომლებიც ერთობლივი ძალებით უნდა გადავლახოთ ჩვენ და მთავრობამ, მარტო კონსორციუმი ამას ვერ გააკეთებს. გვინდა, რომ გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში. მიდის მიმოწერა, ინფორმაციის გაცვლა მთავრობასთან და შეხვედრების დაგეგმვა. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულების ფარგლებში მზად ვართ მივიდეთ პარლამენტში, ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე. სასურველი იქნებოდა, ეს ერთობლივად მოხდეს სამინისტროსთან ერთად, უფრო საქმიან ფორმატს შესძენს ამას", -აცხადებს ახვლედიანი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე, კოლეგებთან ლევან გოგიჩაიშვილსა და კობა ნარჩემაშვილთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს პარლამენტში იწვევს ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად.

წყარო: IPN
Print