ახალი ამბები
ტყვარჩელში მიუსაფარი ძაღლების დახოცვა შეწყვიტეს
ტყვარჩელში შეწყვიტეს უპატრონო ძაღლების დახოცვა, რასაც ქალაქის კომუნალური სამსახური მოსახლეობის თხოვნით აკეთებდა. "რაიონის ხელმძღვანელის" აიდა ჩაჩხალიას თქმით, ძაღლების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და ისინი ჯგუფებად დადიან ქალაქში, თავს ესხმიან ადამიანებს, მათ შორის, ბავშვებს.

"ჩვენ დავიქირავეთ ადამიანი, რომელიც მხოლოდ ცოფიან და აგრესიულ ძაღლებს ესროდა. სხვა არჩევანი არ გვქონდა. იყო შემთხვევები, როდესაც ძაღლებისთვის დღის საათებშიც უსვრია, რისთვისაც ის დაისაჯა", – განაცხადა მან.

ჩაჩხალიას თქმით უპატრონო ძაღლების დახოცვა, არ არის პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა, თუმცა, მათ უკიდურეს ზომას იმიტომ მიმართეს, რომ ძაღლების ხროვა საფრთხეს უქმნიდა ქალაქის მოსახლეობას. მან "ნუჟნაია გაზეტას" განუცხადა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს ცხოველთა თავშესაფრის შექმნის აუცილებლობას, სადაც მიუსაფარ ძაღლებს განათავსებენ, "თუმცა არც ქალაქის და არც ქვეყნის ბიუჯეტი არ იძლევა სპეციალური სამსახურის შექმნის და მათი შენახვის საშუალებას".

ჩაჩხალიას ინფორმაციით, ამ დროისათვის ტყვარჩელში მიუსაფარი ძაღლების დახოცვა შეწყვეტილია. მან აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ძაღლების სტერილიზაცია ჩატარდა, რომელსაც სპეციალიზირებული კომპანია ახორციელებდა, თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ გამოხმაურებია ამ ღონისძიებას და არ მოიყვანა შინაური ცხოველები.
Print