ახალი ამბები
ფეისბუკ კომენტარის გამო აფხაზეთში ბლოგერს სცემეს
სოხუმში სცემეს ბლოგერს, რომელიც ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის ბესლან ხვარწკიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ახალგაზრდა მამაკაცმა, თავის კომენტარში აფხაზეთში გამართულ ერთ-ერთ ქორწილი გააკრიტიკა, სადაც სუფრაზე დაუნაწევრებელი შემწვარი ცხოველები ეწყო და მას "ვაცის ქორწილი" (козлосвадьба) უწოდა.

ბესლან ხვარწკიას ცემის ამსახველ ფოტოებს ფეისბუკის გვერდზე ერთ-ერთი მომხმარებელი აქვეყნებს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს ადასტურებს ბლოგერის ცემის ფაქტს. მათივე ცნობით, 21 ოქტომბერს ის სხეულის მრავლობითი მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჯერჯერობით მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

"აფსადგილ ინფოს" ცნობით" ამ ეტაპზე ბესლან ხვარწკიას გამოკითხვა მიმდინარეობს.
Print