ახალი ამბები
უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლები ანაკლიაში პორტის პროექტს გაეცნენ
უზბეკეთის დელეგაცია დღეს ანაკლიას ესტუმრა და პორტის პროექტს გაეცნო. ტერიტორია დელეგაციის წევრებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერებინეს. უზბეკეთის  ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის დოვრან დეხკანოვის განცხადებით, აბრეშუმის გზა  საქართველოს პორტების გარეშე შეუძლებელია.

"ჩვენ დღეს ვიყავით ანაკლიაში, სადაც მიმდინარეობს პორტის მშენებლობა . ეს არის გრანდიოზული ობიექტი. მას აქვს მნიშვნელობა, როგორც საქართველოსთვის ასევე მთელი რეგიონისთვის. ჩვენი მხრიდან შევისწავლით მონაწილეობას ამ პროექტებში. ახლა მთავარია ამ პროექტის პარამეტრები, თუ რა პროექტებია აქვს ფოთის ტერმინალს და ამ პორტს. ახლა ეს არის შესწავლის ეტაპი და შემდეგ ჩვენს აზრს ჩამოვაყალიბებთ. მიმდინარეობს საუბარი აბრეშუმის გზაზე და შეუძლებელია მისი განხილვა შავი ზღვის პორტების გარეშე. იმიტომ რომ ესენიც აბრეშუმის გზის ნაწილია. მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან ბევრი მარშრუტი მაგრამ, ყველა ამ გზის განვითარებას აქვს პერსპექტივა. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სატრანსპორტო კორიდორს. ჩვენ ვსწავლობთ სატრანსპორტო კორიდორების და გვინდა ჩამოვყალიბდეთ, რომელია ჩვენი ტვირთისთვის უსაფრთხო კორიდორი, რომელიც უსაფრთხოდ გაატარებს ჩვენს ტვირთებს. ჩვენ განვიხილავთ ყველა გზას და მათ შორის საქართველოს პორტებს", - ამბობს დოვრან დეხკანოვი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ფინანსური დირექტორი ზურაბ ფიჩხაია მიიჩნევს, რომ უზბეკეთი ტვირთების გადასაზიდად ანაკლიის პორტს აქტიურად გამოიყენებს. მისივე თქმით, აღნიშნული კორიდორი მნიშვნელოვანი და ხელსაყრელია უზბეკეთისთვის.

„მოლოდინი გვაქვს, რომ სამომავლოდ ეს პორტი გაშვება და აქტიურად გამოიყენებენ ჩვენს კორიდორს. აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენს პორტთან ტვირთების გადაზიდვის კუთხით. ჩვენი კორიდორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  და ხელსაყრელი უზბეკეთისთვის. თავიანთი ტვირთების გადასაზიდად“, - ამბობს ზურაბ ფიჩხაია.

უზბეკეთის დელეგაცია დღეს ფოთის ტერმინალსაც სტუმრობდა.

Print