ახალი ამბები
შსს: მძღოლს რომელიც ნაწულუკუში ავარიის შედეგად გარდაიცვალა, პატრული მოძრაობის შეწყვეტას სთხოვდა
ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში მამაკაცს, რომელიც ავარიის შედეგად გარდაიცვალა, პატრული მოძრაობის წესების დარღვევის გამო აედევნა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა მძღოლს არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა მოძრაობა, თუმცა უწყების ინფორმაციით იგი მოთხოვნას არ დაემორჩილა.

"23 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალაქ ზუგდიდში მანევრირების წესების დარღვევით და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი "ოპელის" მარკის ავტომობილი შენიშნეს. სამართალდამცველებმა დარღვევით მოძრავი ავტომობილის მძღოლს არაერთგზის მოუწოდეს შეეწყვიტა მოძრაობა. მძღოლი არ დაემორჩილა პატრულ-ინსპექტორების მოწოდებას და სოფელი რუხის მიმართულებით განაგრძო სვლა.

რუხი-ნაწულუკუს ტერიტორიაზე აღნიშნული ავტომობილი გადავიდა სავალი ზოლიდან და შემხვედრ ზოლში მოძრავ "ფოლკსვაგენ პასატის" მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად "ოპელის" მარკის ავტომობილს გაუჩნდა ცეცხლი. ავტომობილის მძღოლი 1961 წელს დაბადებული ი.შ. ადგილზე გარდაიცვალა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილის მძღოლმა და ორმა მგზავრმა, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში",- აცხადებენ შსს-ში. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს "სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამავე თემაზე:

ნაწულუკუში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
Print