ახალი ამბები
აფხაზი ბლოგერის ცემის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოკვლევა დაიწყო
დე ფაქტო აფხაზეთის შს სამინისტრომ აფხაზი ბლოგერის ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებამ განცხადება გაავრცელა. "აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაიწყო მოკვლევა ბესლან ხვარწკიას ფიზიკურ დაზიანებებთან დაკავშირებით. ახალგაზრდა მამაკაცი სცემეს, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარის გამო, სადაც შემდგომში გამოქვეყნდა ცემის ამსახველი ვიდეოც", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ირკვევა, 21 ოქტომბერს დღისით ბესლან ხვარწკიას სახლში ფანჯრიდან 6 უცნობმა შეაღწია. მათ ახალგაზრდა ბლოგერს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სახლიდან შეუმჩნევლად გაიყვანეს. ამ დროს სახლში გატაცებულის დედა და ცოლი, ასევე მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ. შემდგომ ის სოფელ კვიტოულში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ადამიანმა ჯოხებით სცემა. გამტაცებლებმა ბლოგერის ცემის ფაქტი გადაიღეს და ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

მოგვიანებით, ახალგაზრდა მამაკაცი სოხუმის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე თავზე ტომარა ჩამოცმული იპოვეს. გონზე მოსულმა ხვარწკიამ ახლობლებთან დარეკა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანა. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

სოციალური ქსელის მომხმარებლები აქვეყნებდნენ ფოტოებს ქორწილიდან, სადაც ყოველ მაგიდაზე დაუნაწევრებელი შემწვარი ცხოველები ეწყო. გარდა ამისა, გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ ამუშავებენ მოკლულ კავკასიურ ჯიხვს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, რასაც ფეისბუქ მომხმარებლების მწვავე რეაქცია მოყვა. ბესლან ხვარწკია მსჯელობის მონაწილე იყო. "ავარაუდოდ, სწორედ მის ერთ- ერთ კომენტარს მოყვა ფიზიკური ანგარიშსწორება",- წერს "ეხო კავკაზა".
Print