ახალი ამბები
რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს გიორგი გახარიას ექიმებმა ზუგდიდში
საქართველოს პრემიერ - მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე ექიმებს შეხვდა და მათგან რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმის ლუარა დგებუაძის თქმით, მედიკოსებმა გიორგი გახარიას უთხრეს, რომ სამეგრელოში მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია არ კეთდება, რადგან საავადმყოფოებში შესაბამისი ტექნიკა არ გააჩნიათ. მისივე ინფორმაციით, პრემიერ - მინისტრი მათ ამ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ამბულატორიების ფუქციონირებას და მედიკამენტების ფასებს.

ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორი გოჩა ლიპარტია ამბობს, რომ საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მედიკამენტები ძვირია, რაც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება. მისივე თქმით, პრემიერმა მას აღუთქვა, რომ ამ საკითხს ყურადღებას მიაქცევდა.

შეხვედრის დასწყისში, რომელიც მედიისთვის ნაწილობრივ დახურული იყო, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის გაუმჯობესების კუთხით კიდევ ბევრია სამუშაო.
Print