ახალი ამბები
პრემიერი ახალგაზრდებს: მაინტერესებს რას ფიქრობთ, სად ხედავთ ამ ქვეყანას, სად ხედავთ თქვენს როლს?
პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის სოფელ ჭკადუაშში, დადიანების რეზიდენციაში ახალგაზრდებს შეხვდა. გიორგი გახარიამ შეკრებილებს უთხრა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობა აუცილებელია.

"დარწმუნებული ვარ, ამის რესურსიც გაქვთ, ინტელექტიც, შესაძლებლობაც და სურვილიც. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს დღეს ქვეყანაში, მოგწონთ ეს თუ არა, ეს ყველაფერი თქვენია, ამ ქვეყნის მომავალი ხართ თქვენ. ეს არ არის ლამაზი სიტყვები, ეს ობიექტური რეალობაა და ამის გათვალისწინებით, ყველასთვის უკეთესია, თქვენ ამ პროცესებში უკვე დღესვე შეძლებისდაგვარად იყოთ ჩართული. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ის, რაც ერთად უნდა გავაკეთოთ, რადგან თანამედროვე სამყარო იმდენად გლობალიზებულია, არსებობს თავისუფალი არჩევანი, საქართველოს მოქალაქე იყო თუ სამყაროს მოქალაქე, რამდენად დიდი ბმა უნდა გქონდეს იმ ადგილთან, სადაც დაიბადე და გაიზარდე, სად არის ბალანსი ინოვაციებსა და ტრადიციებს შორის. ჩვენ პატარა ერი ვართ და მომავლისკენ მიმართული თითოეული ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად უნდა ეფუძნებოდეს ჩვენს წარსულს. სხვანაირად არსებობს რისკი, რომ უბრალოდ იდენტობა დავკარგოთ, რადიკალურად შევიცვალოთ”, - განუცხადა მან შეკრებილებს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობას ქვეყნის შემდგომი განვითარების პროცესში და ახალგაზრდებს მოუწოდა, გულწრფელად ისაუბრონ იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს ხვალინდელი დღე.

“არაფერს აქვს ფასი, თუ ხვალ, ზეგ, როდესაც თქვენ სრულფასოვნად აიღებთ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას, ეს განგრძობადობა და მეხსიერება დაკარგული იქნება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოუწია, რომ ეს წყვეტა იყო რადიკალური, რამაც ბევრი რამ შეცვალა. არ არსებობს დახურული თემები და შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე, რაც თქვენ გაღელვებთ. გულწრფელად მაინტერესებს რას ფიქრობთ, სად ხედავთ ამ ქვეყანას, სად ხედავთ თქვენს როლს და თქვენს თავს 5-10 წლის შემდეგ, რა პასუხისმგებლობის აღება შეგიძლიათ თქვენს თავზე დღეს და ხვალ, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ დღეს იმისთვის, რომ 10 წლის შემდეგ თქვენ სრულფასოვნად შეგეძლოთ, პასუხისმგებლობა აიღოთ ქვეყანაზე, მის განვითარებასა და ხვალინდელ დღეზე”, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს.

ის თუ რა ჰკითხეს ახალგაზრდებმა პრემიერს, მედიისთვის უცნობია, რადგან შეხვედრის ეს ნაწილი დახურული იყო.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში 112-ის შენობა გიორგი გახარიამ გახსნა (ფოტო)

ზუგდიდისა და ფოთის ორ სკოლაში დამატებითი არდადაგები გამოცხადდა

რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს გიორგი გახარიას ექიმებმა ზუგდიდში

Print