ახალი ამბები
„მესაქონლეობის ექსპო 2019 -ში“ "კასანდრა კვარაცხელიამ" გაიმარჯვა
„მესაქონლეობის ექსპოში“, რომელშიც ქვეყნის 19 ფერმის 50-მდე ფური, დეკეული და ხბო მონაწილეობდა, საუკეთესო ადგილობრივი ჯიშის კატეგორიაში ე.წ. კვარაცხელიას ჯიშის ძროხამ "კასანდრამ" გაიმარჯვა. ის გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ფოთიდან ჩაიყვანეს. მეპატრონემ შოთა ჯიქიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ კასანდრა სხვა ადგილობრივი თუ უცხოური ჯიშებისგან ბალახის მოპოვებით და პროდუქტიულობით გამოირჩევა. 

„კვარაცხელიას ჯიში სამეგრელოში ფართოდაა გავრცელებული და ის გამორჩეულია, როგორც თვისებებით, ასევე გარეგნობითაც. შრომისმოყვარეა, ბალახის მოპოვება დიდ თოვლიანობის დროსაც შეუძლია. ასევე, შეუძლია თავის დაცვა მტაცებლებისგან, რადგან აქვს დიდი რქები. გარდა ამისა, იძლევა 10-15 ლიტრ რძეს, რომელიც არის ცხიმიანი. გამორჩეულია მისი ხორცის გემოც. კასანდრა რვა წლისაა“, - ამბობს ჯიქია.

შოთა ჯიქიას ფერმაში 60-მდე ფური დე დეკეული ჰყავს. კვარაცხელიას ჯიშის ძროხა წლების წინ ჩხოროწყუში შეიძინა. ამბობს, რომ კასანდრას ბებიამ მსგავს ღონისძიებაში 2016 წელს ოქროს მედალი მოიპოვა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ „საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია“ და „საქართველოს მერძევეთა ასოციაცია“. გამოფენისთვის ფერმერმა თბილისში ჩაიყვანეს, როგორც ჰოლანდიური და ესტონური ჯიშის, ასევე, ადგილობრივი ქართული ჯიშის მსხვილფეხა საქონელი. ამ მასშტაბის გამოფენა პირველად ჩატარდა და მის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ „მესაქონლეობის ექსპო“ ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, კერძოდ კი,მეცხოველეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, გამოცდილების გაზიარებას და რაც მთავარია, ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაზრდას.


Print