ახალი ამბები
სამინისტრო: Meridian Capital-ს ანაკლიის პროქტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია Meridian Capital NL B.V-ს ამ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, კომპანიამ საქართველოს მთავრობისგან Meridian Capital NL B.V-ის მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება ითხოვა.

ამავე ცნობით, ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მთავრობას შესათანხმებლად მას შემდეგ წარუდგინა, რაც Conti International-მა პროექტიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„Conti International-ის ჩამნაცვლებელი ახალი ინვესტორის მოწონების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა საინვეტიციო ხელშეკრულებით განისაზღვრა მიმდინარე წლის 29 ოქტომბრით... საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ითვალისწინებს Meridian Capital NL B.V-ის თხოვნას და გამოთქვამს მზადყოფნას მომავალშიც ხელი შეუწყოს სათანადო გამოცდილების, ფინანსური და საქმიანი რეპუტაციის მქონე ყველა ინვესტორს მიიღოს მონაწილეობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



Print