ახალი ამბები
ზუგდიდში გარდაცვლილი პაციენტის შვილმა ექიმს სცემა
ზუგდიდში ქირურგი გიორგი გერლიანი პაციენტის არსრულწლოვანმა შვილმა სცემა. გარდაცვლილის ახლობლები გერლიანს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ნათესავის ინფორმაციით, 42 წლის თ. ზ.- ს კუჭის რეზექციის ოპერაცია 10 სექტემბერს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გაუკეთდა. წყარო გვიყვება, რომ პაციენტი ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

„სულ ჩაუტარდა ექვსი ოპერაცია, აქედან ოთხი ზუგდიდში და ორი თბილისში. თვეზე მეტია კაცს აწვალებენ. პირველი ოპერაცია იყო უსისხლო. ოპერაციის შემდეგ ჭრილობა ცუდად იყო გაკერილი. პირველი არასწორი ოპერაციის შემდეგ  კიდევ ხუთი დასჭირდა. რა თქმა უნდა ექიმის ბრალია“, - ამბობს ახლობელი.

რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, გერლიანი ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობს, თუმცა ექიმები ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

ექიმის ცემის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებულია არასრულწლოვანი.

Print