ახალი ამბები
რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობა 4 ნოემბრამდე შეიზღუდება
საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის გამო ზუგდიდში რუსთაველის ქუჩის ნაწილი, ჩხოუშის ხიდიდან ლევან მეორე დადიანის ქუჩამდე, გადაკეტილია. მერიაში ამბობენ, რომ გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვები 4 ნოემბრამდე გაგრძელდება. ავტომობილებს გადაადგილება ლევან მეორე დადიანის და მარჯვენა სანაპიროს ქუჩებით შეუძლიათ. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქ რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, რითაც მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა. მათი თქმით, ძველი მილების ამოღებისას ჭები დაბინძურდა.

„ორი კვირაა თხრიან. ძველი მილების ამოღებისას ფეკალური მასების გაჟონვა მოხდა და დაგვიბინძურეს ჭა. კომპანიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ამოწმინდავენ, მაგრამ არ ვიცით როდის“, - ამბობს რუსთაველის ქუჩის მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, იმ ოჯახებს, რომლებსაც აღნიშნული სამუშაოების შედეგად ჭები დაუბინძურდებათ, ახალ ჭაბურღილებს გაუკეთებენ.

„რუსთაველის ქუჩაზე ჭის დაბინძურების ფაქტი არ ყოფილა, თუმცა კოლხეთის ქუჩაზე დაბინძურდა შვიდი ჭა. კომპანია ყოველ ორ მოსახლეს ახალ ჭაბურღილს მოუწყობს. კომპანიის წარმომადგენლების მიერ, სანამ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებენ, წყლის ანალიზის აღება ხდება, რათა გავარკვიოთ ჩვენამდე ხომ არ იყო დაბინძურება“, - გვითხრეს კომპანიაში.

საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის სამუშაოებს კომპანია "ლუდვიგ პფაიფერი"  ახორციელებს.

Print