ახალი ამბები
მოსკოვი უარყოფს აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას
სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩომ უარყო ადგილობრივი მედია პორტალის მიერ გავცრელებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ თითქოს მოსკოვი გეგმავს აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანას. ოკუპირებულ რეგიონში კრემლის წარმომადგენლობის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი #fakenews, წერს „რია ნოვოსტი“.

ასე გამოეხმაურა „საელჩო“ სტატიას, რომელიც ინტერტნეტ გამოცემამ „აბხაზიუმ.რუ“ გამოაქვეყნა. მასში, ნათქვამია, რომ „ეს იქნებოდა ისეთი პატრიოტული მუხტის მიმცემი, რაც შეიძლება მხოლოდ ყირიმის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებას გაუტოლდეს“.

ფეისბუკ პოსტის ავტორებმა მასალას ფიქცია, ხოლო მის სათაურს, „ცნობილი გახდა აფხაზეთის რუსეთში გაერთიანების გეგმები“, პროვოკაციული უწოდა.

მოსკოვის და სოხუმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „რუსეთსა და აფახაზეთს შორის ჩამოყალიბდა მყარი ურთიერთობა, რომელიც მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებს ეფუძნება“.

რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა კიდევ ოთხმა ქვეყანამ: ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ.

ოფიციალური თბილისი და მსოფლიო საზოგადოებრიობა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.




Print