რეგიონი
ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები მეუფე პეტრეს მხარდაჭერას უცხადებენ
ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში შემავალი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მრევლი და სასულიერო პირები იკრიბებიან. ისინი მეუფე პეტრეს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის მღვდელმთავარი სინოდმა იმიტომ გადააყენა, რომ ის სოდომურ ცოდვაში საპატრიარქოს მხილებას აპირებდა.

“მეუფემ ამხილა სოდომის ცოდვა, რომელშიც არის პატრიარქი. მას სურდა და შეეძლო მოწმეების მოყვანა და დამოწმება საკუთარი სიტყვების, თუმცა, ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება”,- ამბობს იღუმენია თამარი.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ ისინი ახლად დანიშნულ ეპისკოპოსს არ მიიღებენ, რადგან მათთვის მიტროპოლიტი ისევ მეუფე პეტრეა.

„მღვდელმთავარი, რომელსაც ამ უსამართლო გადაწყვეტილებაზე აქვს ხმა მიცემული, არ იქნება ჩემი მეუფე. მე ვერ ვიქნები ცრუ”,- ამბობს იღუმენი დანიელი.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან დღეს სინოდის სხდომაზე გადააყენეს. მის ნაცვლად ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის ინფორმაციით, წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა.



Print