რეგიონი
მეუფე გრიგოლ კაცია მრევლს: შეგვინდეთ, გვაპატიეთ
მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჭყონდიდისა და მარტვილის მეუფე გრიგოლ კაციამ წირვის შემდეგ იქადაგა. მან საპატრიარქოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო მწუხარება გამოთქვა და მრევლს პატიება სთხოვა.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს, ჩატარდა წირვა, მაგრამ ჩვენ ვართ ყველანი, ასე ვთქვათ დამწუხრებულნი, ვნერვულობთ, რადგან მოხდა ის, რაც მოხდა. სულ ვეკითხები ჩემს თავს, რატომ მოხდა ეს, რატომ ავღმოვჩნდი მე ამ ტაძარში, როგორც მწირველი, როგორც მღვდელმთავარი. ამ კითხვას კარგად პასუხობს იგავი "მდიდარისა და გლახაკი ლაზარესი", რომელიც წავიკითხეთ", - თქვა მეუფე გრიგოლმა.

მისივე თქმით, ის უკვე სამი დღე ეცნობა ეპარქიას და ცდილობს არ დააზიანოს იქ არსებული სიტუაცია. მან ძველი ბერძენი ფილოსოფოსის და ექიმის სიტყვები - "მთავარია, არ ავნო" მოიშველია და თქვა, რომ ის ცდილობს იცხოვროს ამ ფილოსოფიით. აქვე მან მადლობა გადაუხადა ყველას ვინც ამ ეპარქიაში მოღვაწეობდა, მათ შორის, ყოფილ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს.

"ძალიან ბევრია გაკეთებული ამ ეპარქიაში, ძალიან ბევრი კეთდება და გაკეთდება. ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ვცდილობთ მშვიდად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გაგრძელდეს ცხოვრება ამ ეპარქიაში და ამ მადლით სავსე მონასტერში", - აღნიშნა მეუფემ.

მან ტაძარში მყოფებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ წირვაზე დასასწრებლად მრევლი სხვადასხვა ქალაქებიდანაც ჩამოვიდა.

Print