რეგიონი
იღუმენია თამარ გამყრელიძე: პატრიარქის ფოტო დედაოებმა ჩამოხსნეს
მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი იღუმენია თამარ გამყრელიძე აღარ არის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს განუცხდა. მისი თქმით ტაძრის წინამძღვარი მონაზონი სოსანა ბოლქვაძე იქნება, რომელიც დედაოებმა ერთხმად აირჩიეს. იღუმენიას თქმით, ის წავა იქ, სადაც იქნება მეუფე პეტრე ცაავა.

„ციანიდის საქმის დაწყებიდან ჩვენ ყველანაირ ინფორმაციას ვფლობდით. მე კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ 2011 წლიდან, როდესაც ჩვენი ეპარქია დაუპირისპირდა საპატრიარქოს ადმინისტრაციას, წმინდა ნინოს მონასტრის დედები ვლოცულობთ პატრიარქისთვის და ქალბატონი შორენა თეთრუაშვილისთვის, ეკლესის გაჯანსაღებისთვის და საქართველოს გაჯანსაღებისთვის",- ამბობს იღუმენია თამარი.

კითხვაზე რატომ ჩამოხსნეს ილია მეორეს ფოტოები წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის კელიების კედლიდან იღუმენია პასუხობს, რომ ამის გადაწყვეტილება დედაოებმა ერთხმად მიიღეს.

„ყველა მონაზონმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება ჰქონოდათ თუ არა კერპის ფოტო კედელზე. კერპში გულისხმობენ ცოცხალ წმინდანად გამოცხადებულ პატრიარქს“, - თქვა მან.

მონაზონის სოსანა ბოლქვაძის თქმით, ის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ტაძრის დედაოები მეუფე გრიგოლის წირვას არ დაესწრებიან.

"ვრჩები ეპარქიაში. არის პროტესტი უსამართლობის გამო. რომელ ტაძარში ვივლით წირვაზე ამის შესახებ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული. არის ჩვენთან ბევრი ტაძარი, ჩვენც გვაქვს  მონასტერი წმინდა ნინოს სახელობის, ჩვენთან ვინც იქნება მოძღვარი ვივლით იმასთან“, - თქვა მონაზონმა სოსანა ბოლქვაძემ.

მეუფე გრიგოლის წირვაზე არ დავდგებით",- ამბობს დედა სოსანა.

ჭყონდიდის ეპარქიაში ახლად დანიშნულმა მღვდელმთავარმა დღეს მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში პირველი  წირვა ჩაატარა. მას ეპარქიაში შემავალი ტაძრებში მოღვაწე სასულიერო პირების ნაწილი არ დასწრებია. წირვაზე არ მივიდნენ წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის დედაოებიც.
Print