რეგიონი
ზუგდიდელმა პედაგოგმა ფრანგული ორდენი მიიღო
ფრანგული ენის ზუგდიდელმა პედაგოგმა მედიკო ჭაჭუამ საფრანგეთის ეროვნული განათლებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო ჯილდო -  "აკადემიური პალმის ორდენი" (PALMES ACADEMIQUES) მიიღო. მას ჯილდოს საფრანგეთის ელჩი საქართველოში 28 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასცემს. წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ზუგდიდის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა ფარცვანია. მისივე ინფორმაციით, მედიკო ჭაჭუა აღნიშნულ ჯილდოზე საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა წარადგინა.

"აკადემიური პალმის ორდენი უძველესი ორდენია საპატიო ლეგიონის ორდენის შემდეგ. იგი დააწესა ნაპოლეონ ბონაპარტემ 1808 წელს. მისი განახლება მოხდა 1955 წელს და მას გადასცემენ როგორც ფრანგ, ისე უცხოელ მოქალაქეებს განათლების სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისა და მსოფლიოში ფრანგული კულტურის აქტიური პოპულარიზაციისათვის"- წერს კახა ფარცვანია.

თავად მასწავლებლისთვის ამ ჯილდოს მიღება მოულოდნელი აღმოჩნდა.

"არც კი ვიცოდი, რომ წარდგენილი ვიყავი, ძალიან გაოცებული და ამავე დროს ძალიან გახარებული ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება ფრანგულს ვასწავლი ბავშვებს და ამით ვფიქრობ ახდა ჩემი ოცნება - მესწავლებინა და შემეყვარებინა ადამიანებისთვის ფრანგული ენა და ლიტერატურა", -  თქვა პედაგოგმა მედიკო ჭაჭუამ.

მედიკო ჭაჭუა 42 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ის წლების განმავლობაში 11-ე საჯარო სკოლაში მუშაობდა. ამჟამად კი ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგულ სკოლაში ასწავლის. ასევე ლექციებს კითხულობდა ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში და მუშაობდა ასოციაცია "ათინათში".


Print