რეგიონი
ბაჩანა შენგელია სახალხო დამცველთან დღეს გეგმავს შეხვედრას
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას დღეს შეხვდება. ამის შესახებ მან რადიო „ათინათთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, კერზაიას საქმესთან დაკავშირებით უმძიმესი დარღვევებია და იმედს გამოთქვამს, რომ სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმეს ადეკვატურად შეაფასებს.

გარდაცვლილი დირექტორის შვილი განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადადგომასაც გამოეხმაურა. ის ფიქრობს, რომ მინისტრი საკუთარი ნებით კი არ გადადგა, არამედ გადააყენეს.

„აგვისტოში იგეგმებოდა მისი გათავისუფლება, გახარიას გაპრემიერების დროს და იას საქმის გამოძიების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რადგან მან წასვლის შემთხვევაში გარანტიები მოითხოვა, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ დააკისრებდნენ. გარანტია თითქოს მიიღო, თუმცა ვარწმუნებ, რომ ეს პირობა ძალიან მყიფეა. ჩვენს მიერ სტრასბურგში გაჟღერებული სარჩელის დარეგისტრირების შესახებ ინფორმაცია იყო ბოლო წვეთი მის პოლიტიკურ კარიერაში. ერთ წელიწადში არჩევნებია და უმძიმეს დანაშაულში ეჭვმიტანილი ბატიაშვილი არავის არ სჭირდება მთავრობაში. თან ამით ეცდებიან ჯოხი სრულად მასზე გადატეხონ“, - წერს შენგელია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

თავის მხრივ, მიხეილ ბატიაშვილი კერზაიას საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას მიესალმება და თქვა, რომ მისი გადადგომა ამ საქმეს არ უკავშირდება.

„სადღაც საბუთების გაგზავნა, პირდაპირ ვერ დაუკავშირდება ამას. თუმცა შემიძლია გითხრათ და მანამდეც არაერთხელ განვაცხადე, რომ მივესალმები ამ საქმის სტრასბურგში გაგზავნას და ამ პროცესს“, - ამბობს განათლების უკვე ყოფილი მინისტრი.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და გარდაცვალებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.

ამავე თემაზე:

მიხეილ ბატიაშვილი ია კერზაიას საქმის სტრასბურგში გაგზავნას მიესალმება

ბაჩანა შენგელია: საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგში დავარეგისტრირეთ


Print