რეგიონი
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად სხვა დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს ბრალი წარუდგინეს. კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი ბრალდებები ვარაუდებზეა დამყარებული და ჯერჯერობით რაიმე პირადაპირ მტკიცებულებებს ვერ ხედავს.

"საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ჩვენ შევეცდებით გამოვკვეთოთ და მის მიერ შესაძლო დანაშაულთან მიმართებაში წარდგენილი ბრალდება სრულიად გავაბათილოთ. სამართლებრივი დავის გაგრძელებას ვგეგმავთ. ჩვენ ვეცდებით ირაკლი კაკულიასთან ერთად კვალიფიციურად, დასაბუთებულად დავამტკიცოთ, რომ ის არის სრულიად უდანაშაულო,” - განუცხადა ჟურნალისტებს ედიშერ ქარჩავამ.

დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.
Print