ახალი ამბები
მინისტრი ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომლების ხელფასებზე: ვეცდებით რაღაცა რესურსი მოვიძიოთ
პარლამენტის სხდომაზე, სადაც  „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომლობის ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. კერძოდ,  დეპუტატმა ლელა ქებურიამ თქვა, რომ აღნიშნული საკითხი მომდევნო წლის ბიუჯეტში არ არის ასახული. მან კითხვით მიმართა ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს, არის თუ არა მომავალი წლის საფინანსო დოკუმენტში მუზეუმის თანამშრომლების ანაზღაურება გათვალისწინებული.



„ზუგდიდის ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლებს ჰქონდათ დაანონსებული გაფიცვა მცირე ხელფასებთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, განათლების სამინსიტროს თანამშრომლები შეხვდნენ მათ და მიიღეს პირობა, რომ ბიუჯეტში დაკორექტირებული ვერსია შევიდოდა პარლამნეტში განსახილველად, რომელშიც იქნებოდა ხელფასები ასახული. მართალი გითხრათ, წარმოდგენილ ვერსიაში არანაირი ცვლილება არ იკითხება, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ამოვიკითხე და ამიტომ მე მინდა თქვენ გკითხოთ პირადად ამ საკითხის შესახებ და მინდა თქვენგან მივიღო პირადად ეს პასუხი“, - მიმართა ლელა ქებურიამ მინისტრს.

თავის მხრივ, ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ მათთვის ცნობილია აღნიშნული პრობლემის შესახებ და შემდეგი მოსმენისთვის შეეცდებიან რესურსის მოძიებას.

„ვიცი, რომ  ეს პრობლემაა, ეს იცის პერემიერ-მინისტრმა. ჩვენ გვქონდა ამაზე დისკუსიები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგი წარდგენისთვის აქ რაღაცა რესურსი გამოვძებნოთ კულტურის სფეროს მოღვაწეებისთვის.  სამწუხაროდ ვერ მოვახდინეთ ამ წლის ბიუჯეტში ჩასმა. მე გპირდებით, რომ ამ საკითხს  ძალიან სერიოზულად განვიხილავთ იმ დარჩენილ დღეებში საბოლოო მოსმენამდე, რაღაცა რესურსს მგონია, რომ მოვიძიებთ, თუმცა ახლა არ შემიძლია კონკრეტული ციფრის თქმა, მაგრამ ვიცით და ვაღიარებთ, რომ მანდ პრობლემა არის“, - განაცხდა მინისტრმა.

დეპუტატ ლელა ქებურიას თქმით, 2018 წელს ბიუჯეტიდან თვითმმართველობის ააიპ-სთვის სუბსიდიის სახით 429 მლნ ლარი გაიცა. მას მიაჩნია, რომ ამ ფონზე ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომლების ხელფასებისთვის რესურსის არმოძიება არასწორია.

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას პირველ ნოემბერს აპირებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტროსგან პირობა მიიღეს, გადაიფიქრეს.



Print