ახალი ამბები
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩაგდებამდე“ - პროტესტი მერაბ ქვარაიას ბიუროსთან (ვიდეო)
საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გააპროტესტეს. ბიუროსთან მოქალაქეები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით: „ბიძინა მაჟორიტარების მეფე“, "თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან პროპორციული არჩევნების გაუქმებამდე“, „მოგვატყუეს“, სირცხვილია“, გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ“ და სხვა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ცაბუნია ვართაგავს თქმით, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან მათი შეკრება სიმბოლურია, რადგან სწორედ ის არის ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც თავისივე ინიცირებულ კანონპროექტს არ დაუჭირა მხარი.

„ჩვენ აქ ვაპროტესტებთ იმ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ეს არის მორიგი შავი ლაქა პარლამენტარიზმის ისტორიაში. კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას დაგვპირდნენ ცვლილებას და ეს არ შეასრულეს. ზუსტად ამიტომ ვდგავართ დღეს აქ. ადგილიც არ არის შემთხვევით შერჩეული. ეს არის სიმბოლური, იმიტომ რომ მერაბ ქვარაია იყო ერთ-ერთი პარლამენტარი, რომელიც არის ამ კანონპროექტის ინიციატორი. როგორც აღმოჩნდა, მან თავის ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭრია, რაც არის სრულიად სამარცხვინო“, - ამბობს ცაბუნია ვართაგავა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა ამბობს, რომ ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია. მისი თქმით, არაფორმალური მმართველები ცდილობენ, რომ სახელმწიფო მიიტაცონ და ადამიანებს პარლამენტის დაკომპლექტების სამართლიანი გზა წაართვან. 

„ვხედავთ, რომ რაღაც სპექტაკლის მონაწილე გახდა ჩვენი პარლამენტი. ფაქტია, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველები ცდილობენ სახელმწიფოს მიტაცებას და ცდილობენ ადამიანებს წაართვან პარლამენტის დაკომპლექტების ყველაზე სამართლიანი გზა, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის პროპორციული საარჩევნო სისტემა. იმის გათვალისწინებით, რომ კონსენსუსი იყო და ყველა პოლიტიკური ძალა იყო მომხრე ამ სისტემაზე გადავსულიყავით. მათ შორის ის ადამიანები ვინც დღეს არ მისცა ხმა. ქვეყანა შესულია მძიმე პოლიტიკურ კრიზისში. ჩვენ მოვუწოდებთ გაიაზრონ მათ ეს პასუხისმგებლობა და ერთადერთ ალტერნატივად მიგვაჩნია საარჩევნო სისტემის შეცვლა“, - აღნიშნა არჩილ თოდუამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადეობის „გადასაგდებად“ მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია გამოიყენა.
„წლის ანეკდოტი არის ის, რომ მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია ბიძინა ივანიშვილის ნების წინააღმდეგ წავიდნენ. პირიქით, ბიძინა ივანიშვილმა, მათ შორის, ეს ორი მორჩილი ადამიანი გამოიყენა საზოგადოების გადასაგდებად, რაც მას არავითარ შემთხვევაში არ შერჩება. ეს არის საზოგადეობის გადაგდება“, - თქვა მან.
აქციის მონაწილეებმა ტრანსპარანტები ბიუროს შესასვლელთან გააკრეს.
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.




Print