რეგიონი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ნოემბრის ბოლომდე უნდა გაიხსნას
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომლის რეაბილიტაცია, დაახლოებით, ორი წელია მიმდინარეობს, ნოემბერს ბოლომდე გაიხსნება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „მუნიციპალური განვითარების ფონდში“ უთხრეს. კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელის ზვიად ქარჩავას ინფორმაციით, სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

ბაღის გახსნა რამდენჯერმე გადაიდო. თავდაპირველად ითქვა, რომ სამუშაოები ზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვერ მოხერხდა. მერმა გეგა შენგელიამ საკრებულოში 6-თვიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ბაღის გახსნის თარიღად 15 დაასახელა.

ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 974 436 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ჯავა" ახორციელებს, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა ზუგდიდს საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50% მერიამ 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღო, ხოლო დანარჩენი მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყო. რაც შეეხება დანარჩენ 30%-ს, მერიამ ის გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღო.


Print